| გამოათავისუფლეთ წარმოსახვა! |
| D&D-ის მიმოხილვა |
| D&D-ში თითოეული მოთამაშე ქმნის პერსონაჟს, რომელიც მეთავგადასავლეა, და ერთიანდება სხვა მეთავგადასავლეებთან (რომლებსაც მისი მეგობრები თამაშობენ). გარდა ამისა, ერთი მოთამაშე ირგებს DM-ის, ანუ Dungeon Master-ის (დილეგთუხუცესის) როლს და ხდება თამაშის მთავარი ნარატორი და მსაჯული. DM თავგადასავლებში მიუძღვის ამ პერსონაჟებს, ისინი კი თავს ართმევენ სირთულეებს და ირჩევენ, რომელი გზების გამოკვლევა სურთ. DM აღწერს ლოკაციებსა და არსებებს, რომლებსაც აწყდებიან მეთავგადასავლეები, მოთამაშეები კი წყვეტენ, რისი გაკეთება სურთ მათ პერსონაჟებს. შემდეგ DM ადგენს მეთავგადასავლეების მოქმედებების შედეგებს და აღწერს, რას განიცდიან ისინი. ვინაიდან DM-ს იმპროვიზაცია შეუძლია მოთამაშეების მცდელობებზე რეაგირებისას, D&D უსასრულოდ მოქნილი და მრავალმხრივია, თითოეული თავგადასავლის განვითარება კი — მოულოდნელი. |
| როგორ ვითამაშოთ |
DM ეუბნება მოთამაშეებს, სად არიან მათი პერსონაჟები და რა არის მათ გარშემო, რაც მოთამაშეებს ამცნობს შესაძლო გადაწყვეტილებების ძირითად ფარგლებს (რამდენი კარი გადის ოთახიდან, რა არის მაგიდაზე, ვინ არის ტავერნაში და ა.შ.). ზოგჯერ ერთი მოთამაშე საუბრობს მთელი რაზმის სახით, ვთქვათ, „აღმოსავლეთ კარს ვირჩევთ“. სხვა შემთხვევებში განსხვავებული მეთავგადასავლეები სხვადასხვა საქმიანობით კავდებიან. მოთამაშეებს არ სჭირდებათ მონაცვლეობითი სვლების კეთება: DM უსმენს ყველა მათგანს და წყვეტს, თუ როგორ განხორციელდეს ეს მოქმედებები. მოთამაშეების მოქმედებათა შედეგების აღწერას ხშირად მივყავართ სხვა გადამწყვეტ მომენტამდე, რაც თამაშის მსვლელობას აბრუნებს პირველ საფეხურზე. ეს კანონზომიერება ნარჩუნდება განურჩევლად იმისა, თუ რას აკეთებენ მეთავგადასავლეები: ფრთხილად იკვლევენ ნანგრევებს, ესაუბრებიან ვერაგ უფლისწულს თუ დრაკონთან სასიკვდილო ბრძოლაში არიან გამომწყვდეულები. |
| სათამაშო კამათელი |
| თამაში იყენებს მრავალწახნაგა კამათლებს გვერდების სხვადასხვა რაოდენობით. ამ წესებში განსხვავებული კამათლები აღინიშნება ლათინური ასო „d-თი“, რომელსაც მოსდევს კამათლის გვერდების შესაბამისი რაოდენობა: d4, d6, d8, d10, d12 და d20. მაგალითად, d6 არის ექვსწახნაგა კამათელი (ჩვეული კუბი, რომელიც მრავალ თამაშში გამოიყენება). პროცენტული კამათელი, ანუ d100, ოდნავ სხვაგვარად გამოიყენება. თქვენ 1-დან 100-მდე რიცხვს აგენერირებთ ორი სხვადასხვა ათწახნაგა კამათლის მეშვეობით, რომლებიც 0-დან 9-მდეა აღნიშნული. ერთ-ერთი კამათელი (რომელიც გაგორებამდე განისაზღვრება) იძლევა ათეულების თანრიგს, მეორე კი — ერთეულებისას. მაგალითად, თუკი გააგორებთ 7-სა და 1-ს, გაგორებული რიცხვი იქნება 71. ორი 0 იძლევა 100-ს. როდესაც კამათლის გაგორება გჭირდებათ, წესები გაუწყებთ, ზუსტად რა ტიპის კამათელი და რამდენჯერ უნდა გააგოროთ, აგრეთვე რა მოდიფიკატორების დამატებაა შემდგომ საჭირო. მაგალითად, „3d8 + 5“ ნიშნავს, რომ 3-ჯერ უნდა გააგოროთ რვაწახნაგა კამათელი, შეკრიბოთ, ბოლოს კი ჯამს დაუმატოთ კიდევ 5. |
| ძირეული წესი |
| როდესაც მოქმედების შედეგი განუსაზღვრელია, თამაში ემყარება d20-ის გაგორებას, რათა განისაზღვროს, რამდენად წარმატებული ან წარუმატებელი იქნება მოქმედება. უნარების შემოწმებები, შეტევითი გაგორებები და თავდაცვითი გაგორებები d20-ის გაგორებების სამი მთავარი ტიპია და ისინი ქმნიან თამაშის წესების მთავარ საძირკველს. სამივე მათგანი მიყვება ამ მარტივ ნაბიჯებს:
გააგორეთ d20 და შედეგს დაუმატეთ შესაბამისი მოდიფიკატორი. ეს, როგორც წესი, ძირითადი ექვსი უნარის ქულიდან? აღებული მოდიფიკატორია, თუმცა ზოგჯერ ის მოიცავს გაწაფულობის ბონუსსაც, რათა უფრო ზუსტად აისახოს პერსონაჟის ცალკეული უნარი. კლასის მახასიათებელმა, შელოცვამ, განსაზღვრულმა გარემოებამ ან სხვა ეფექტმა შეიძლება მოგცეთ ბონუსი ან ჯარიმა შემოწმებაზე. გარდა ამისა, გაგორება შეიძლება სრულდებოდეს ხელსაყრელობით ან არახელსაყრელობით. თუკი მიღებული ჯამი უდრის ან აღემატება სამიზნე რიცხვს, უნარის შემოწმება, შეტევითი გაგორება ან თავდაცვითი გაგორება წარმატებულია. როგორც წესი, DM განსაზღვრავს სამიზნე რიცხვებსა და წარმატებულობას. |
| სხვა მნიშვნელოვანი წესები |
DM არის უკანასკნელი მსაჯული იმისა, თუ როგორ მოქმედებს წესები თამაშში. თუკი გაჩნდება კითხვა, თუ როგორ ფუნქციონირებს თამაშში რაიმე, პასუხს DM იძლევა. ეს თამაშის გაგრძელების საშუალებას იძლევა. თუკი DM ხართ, დაიმახსოვრეთ: D&D კოოპერაციული თამაშია, ამიტომ წესებთან დაკავშირებით მიიღეთ ისეთი გადაწყვეტილებები, რომლებიც ჯგუფის დადებით განწყობას გააძლიერებს. როდესაც თამაშში რაიმე რიცხვს ყოფთ, წილადიანი შედეგის მიღების შემთხვევაში დაამრგვალეთ ნაკლებობით, მაშინაც კი, როდესაც წილადი ნაწილი 1/2 ან უფრო მაღალია. ასე ხდება ყოველთვის, თუკი უფრო კერძო წესი (იხილეთ ქვემოთ) არ აკონკრეტებს, რომ დამრგვალება მეტობით უნდა მოხდეს. თუ უცნობია ზუსტი წესი, დაამრგვალეთ ნაკლებობით! თამაშში არსებული მრავალი რამ (რასობრივი ნიშან-თვისებები, კლასების მახასიათებლები, შელოცვები, ჯადოსნური ნივთები, ურჩხულთა უნარები და თამაშის სხვა ელემენტები) გარკვეულწილად არღვევს ზოგად წესებს და ქმნის გამონაკლისებს იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ მოქმედებს თამაში. თუკი კერძო წესი ეწინააღმდეგება ზოგად წესს, კერძო წესი იგებს. მაგალითად, როდესაც D&D-ში წილადიან რიცხვს იღებთ, ყოველთვის ნაკლებობით ამრგვალებთ, მაგრამ შესაძლოა, საქმეში ჩაერთოს, ვთქვათ, კლასის მახასიათებელი, რომელიც ამბობს, რომ წილადიანი რიცხვი მეტობით უნდა დამრგვალდეს. ეს მახასიათებელი თამაშში პატარა გამოკალისს ქმნის. თამაშში ერთ სამიზნეზე შეიძლება რამდენიმე ეფექტი ერთდროულად მოქმედებდეს. მაგალითად, ორმა სხვადასხვა წყარომ შეიძლება მოგცეთ დამატებითი აბჯრის კლასი?. მიუხედავად ამისა, როდესაც ორი ან მეტ ეფექტს ერთი და იგივე სახელი აქვთ, სიტუაციას მხოლოდ ერთ-ერთი მათგანი მიესადაგება, ეფექტების ხანგრძლივობები კი ურთიერთგადაიფარება (ხანგრძლივობაში იგულისხმება დროის 1-რაუნდიანი ან მეტხნიანი მონაკვეთი). ასეთ სიტუაციებში მოქმედებს ყველაზე ძლიერი ეფექტი — მაგალითად, უმაღლესი ბონუსი — ან თუკი ეფექტები თანაზომიერია, მოქმედებს ყველაზე ბოლოდროინდელი. მაგალითად, თუკი დალოცვის? შელოცვას გამოიყენებენ თქვენზე, როცა ერთი ასეთის ზემოქმედების ქვეშ უკვე ხართ, თქვენ მხოლოდ ერთ-ერთი მათგანისგან იღებთ სარგებელს. |