D&D Georgia
Advertisement
D&D Georgia

თქვენი პერსონაჟის პიროვნულობის — ნიშან-თვისებების, მანერების, ჩვევების, შეხედულებებისა და ნაკლოვანებების — განსაზღვრა თამაშისას მისთვის სულის შთაბერვაში დაგეხმარებათ. ქვემოთ მოცემულია პერსონაჟის ოთხი სხვადასხვა ტიპის მახასიათებელი: პიროვნული ნიშან-თვისებები, იდეალები, კავშირები და ნაკლოვანებები. ამ კატეგორიების გარდა, იფიქრეთ თქვენი პერსონაჟის საყვარელ სიტყვებსა თუ ფრაზებზე, ტიკებსა და ქცევით ჟესტებზე, მანკიერებებსა და სისაყვარლეებზე — ყველაფერზე, რისი წარმოდგენაც კი შეგიძლიათ. თითოეულ წინაისტორია? აქვს შემოთავაზებული მახასიათებლები, რომელთა გამოყენებაც შეგიძლიათ თქვენი წარმოსახვის შთაგონებისთვის. ვალდებული არ ხართ, მხოლოდ შემოთავაზებული ვარიანტებიდან აირჩიოთ, თუმცა დასაწყებად ისინი ნამდვილად გამოგადგებათ.

პიროვნული ნიშან-თვისებები[]

Dragon მთავარი სტატია: პიროვნული ნიშან-თვისებები

მიანიჭეთ თქვენს პერსონაჟს პიროვნული ნიშან-თვისებები. პიროვნული ნიშან-თვისებები პატარა, მარტივი გზაა საიმისოდ, რომ თქვენი პერსონაჟი ყველა სხვა პერსონაჟისგან განასხვავოთ. თქვენი პიროვნული ნიშან-თვისებები რაღაც საინტერესოსა და თავშესაქცევს უნდა ამბობდეს თქვენი პერსონაჟის შესახებ. ისინი უნდა იყოს ერთგვარი თვითაღწერები, რომლებიც ხაზს უსვამს თქვენი პერსონაჟის სპეციფიკურობას. „მე ჭკვიანი ვარ“ არ არის კარგი ნიშან-თვისება, რადგან ის მრავალ პერსონაჟს აღწერს. „მე სანთელსრას ყველა წიგნი მაქვს წაკითხული“ რაღაც სპეციფიკურს იტყობინება თქვენი პერსონაჟის ინტერესებისა და ხასიათის შესახებ. პიროვნულ-ნიშან თვისებებში შეიძლება აღიწეროს ის, თუ რა მოსწონს თქვენს პერსონაჟს, რა მიღწევები აქვს, რას ვერ იტანს ან რისი ეშინია, როგორი დამოკიდებულება აქვს საკუთარი თავის მიმართ ან რა მანერებით გამოირჩევა, რამ განაპირობა მისი უნარების ქულები. თქვენი პიროვნული ნიშან-თვისებების მოფიქრების ერთ-ერთი კარგი გზაა, დააკვირდეთ თქვენს ყველაზე დაბალქულიან და ყველაზე მაღალქულიან უნარებს და თითოეულს რაღაც ნიშან-თვისება დაუკავშიროთ. ორივე მათგანი შეიძლება იყოს დადებითი ან უარყოფითი: შესაძლოა, ძლიერ ირჯებოდეთ დაბალი ქულის ასამაღლებლად ან საქვეყნოდ ამაყობდეთ თქვენი მაღალი ქულით.

იდეალები[]

Dragon მთავარი სტატია: იდეალები

აღწერეთ ერთი იდეალი, რომელიც ამოძრავებს თქვენს პერსონაჟი. თქვენი იდეალი ისაა, რისიც ყველაზე მეტად გწამთ, ძირეული მორალური და ეთიკური პრინციპები, რომელთა გამოც იქცევით ისე, როგორც იქცევით. იდეალები მოიცავს ყველაფერს, დაწყებული თქვენი ცხოვრებისეული მიზნებით, დასრულებული თქვენი ქვაკუთხედური რწმენის სისტემით. იდეალი ამ შეკითხვებიდან რომელიმეს შეიძლება პასუხობდეს: რა არის ის პრინციპები, რომლებსაც არასდროს უღალატებთ? რა გადაგაწყვეტინებთ მსხვერპლის გაღებას? რა ამოძრავებს თქვენს მიზნებსა და ამბიციებს? რა არის ის ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რაღაც, რისკენაც მიილტვით? ნებისმიერი იდეალის არჩევა შეგიძლიათ, თუმცა თქვენი პერსონაჟის მსოფლმხედველობა? მათი განსაზღვრის კარგი საწყისი წერტილია. თითოეული წინაისტორია? მოიცავს ექვს შემოთავაზებულ იდეალს. მათგან ხუთი დაკავშირებულია მსოფლმხედველობის ასპექტებთან: კანონმორჩილობასთან, ქაოტურობასთან, სიკეთესთან, ბოროტებასა და ნეიტრალურობასთან. უკანასკნელი ვარიანტი ცალკეულ წინაისტორიასთან უფროა დაკავშირებული, ვიდრე მორალურ თუ ეთიკურ პერსპექტივებთან.

კავშირები[]

Dragon მთავარი სტატია: კავშირები

შექმენით ერთი კავშირი თქვენი პერსონაჟისთვის. ის ასახავს პერსონაჟის კავშირს ადამიანებთან, ადგილებსა და მოვლენებთან სამყაროში. ასეთი შეიძლება იყოს რაიმე მიჯაჭვულობა წინაისტორიიდან. კავშირმა შეიძლება შთაგაგონოთ საგმირო საქმე ან საკუთარი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედება გაიძულოთ, თუკი მას საფრთხე ემუქრება. ზოგჯერ კავშირი იდეალივით მოქმედებს და პერსონაჟის მოტივაციებსა და მიზნებს განსაზღვრავს. კავშირი შეიძლება პასუხობდეს ამ კითხვათაგან რომელიმეს: ვინ გადარდებთ ყველაზე მეტად? რომელ ადგილთან მიმართებით გრძნობთ გამორჩეულ კავშირს? რა არის თქვენი ყველაზე ძვირფასი საკუთრება? კავშირი შეიძლება მიბმული იყოს თქვენს კლასთან, წინაისტორიასთან, რასასა თუ თქვენი პერსონაჟის ისტორიის ან პიროვნულობის რომელიმე სხვა ასპექტთან. შესაძლოა, თავგადასავლების განმავლობაში ახალი კავშირებიც შეიძინოთ.

ნაკლოვანებები[]

Dragon მთავარი სტატია: ნაკლოვანებები

ბოლოს, აირჩიეთ თქვენი პერსონაჟის ნაკლოვანება. ის უნდა ასახავდეს რაიმე მანკიერებას, დაუძლეველ სწრაფვას, შიშს ან სისუსტეს — ნებისმიერ რამეს, რაც შეიძლება სხვამ გამოიყენოს თქვენს გასანადგურებლად ან თქვენი ინტერესების საწინააღმდეგოდ მოქმედების საიძულებლად. ნაკლოვანება უარყოფით პიროვნულ ნიშან-თვისებაზე უფრო მნიშვნელოვანია და ის შეიძლება ამ შეკითხვათაგან რომელიმეს პასუხობდეს: რა განგარისხებთ? რა/ვინ არის ის ერთი პიროვნება, კონცეფცია თუ მოვლენა, რომელიც თავზარს გცემთ? რაში გამოიხატება თქვენი მანკიერება?

Advertisement